თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო – ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო.

პროექტში „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება.

აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.

შესაბამისად, აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
პროექტის ფარგლებში:

• გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;

• მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;

• ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;

• გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;

• დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;

• განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;

• გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.

პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.

პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.

ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„ტავ ჯორჯია“ არის Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.