მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მდივნის, დევიდ ლემის განცხადებით, მეფე ჩარლზ III-მ მისი რეკომენდაციის საფუძველზე პირობითად შეიწყალა რუთ ელისი — ქალი, რომელიც ბრიტანეთის ისტორიაში სიკვდილით დასჯილი უკანასკნელი ქალი იყო. ამის შესახებ The Guardian წერს.
რუთ ელისი 1955 წელს, 28 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს. იგი დამნაშავედ ცნეს თავისი საყვარლის, დევიდ ბლეიკლის მკვლელობაში, რომელსაც ორი წლის განმავლობაში იცნობდა.
ელისის პირობითი შეწყალების მოთხოვნით შუამდგომლობა მისმა ოთხმა შვილიშვილმა წარადგინა. მათი თქმით, მკვლელობა წლების განმავლობაში გადატანილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე ტრავმის შედეგი იყო, თუმცა სასამართლომ ეს გარემოებები სათანადოდ არ გაითვალისწინა.
The Guardian-ის ინფორმაციით, თუ საქმე დღეს განიხილებოდა, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ ემსჯელათ იმაზე, რომ ელისი მოქმედებდა კონტროლის დაკარგვისა და შემცირებული პასუხისმგებლობის მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში ბრალდება შესაძლოა განზრახ მკვლელობიდან გაუფრთხილებლობით მკვლელობად გადაკვალიფიცირებულიყო, რაც მნიშვნელოვნად მსუბუქ სასჯელს გამოიწვევდა.
პირობითი შეწყალება არ აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს. ის მხოლოდ ცვლის სასჯელს უფრო მსუბუქით. რუთ ელისის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯა ფორმალურად სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლდა.
„შეწყალება ვერ შეცვლის იმას, რაც 71 წლის წინ მოხდა. ის ვერ დააბრუნებს დანგრეულ ცხოვრებას, მიტოვებულ შვილებსა და დაკარგულ წლებს. თუმცა, ოფიციალურად და საბოლოოდ ადასტურებს, რომ რუთი სიკვდილით არ უნდა დაესაჯათ და რომ მართლმსაჯულების სისტემამ იგი ვერ დაიცვა. ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, — განაცხადა ელისის შვილიშვილმა, ლორა ანსტონმა.
რუთ ელისი მარტოხელა დედა იყო და ორ შვილს ზრდიდა. სასამართლო პროცესის დროს იგი ცივსისხლიან მკვლელად იყო წარმოჩენილი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დევიდ ბლეიკლის მხრიდან წლების განმავლობაში ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ელისისა და მისი ახლობლების ჩვენებების მიხედვით, მამაკაცი მას საჯაროდ სცემდა, კიბეებიდან გადმოაგდო, იმდენად ძლიერად დაარტყა ყურში, რომ დროებით სმენა დაკარგა, მუცელში მიყენებული დარტყმის შედეგად ორსულობა შეუწყდა და არაერთხელ დაემუქრა სიკვდილით.
მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესზე ძალადობის გავლენა ელისის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მის ქმედებაზე პრაქტიკულად არ განხილულა. მეტიც, მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს ურჩია, დაცვის მხარის არგუმენტები იმის შესახებ, რომ „მისი საყვარელი მას ცუდად ექცეოდა“, გადაწყვეტილების მიღებისას არ გაეთვალისწინებინათ.