თავხედობაა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

 მმართველ გუნდში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალურ კვლევას აფასებენ, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.

"ბინძური ფული - დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტი ივაჭრეს," - ამ სათაურით კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა.

საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.

საკითხს აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

"თავხედობაა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და მათი ელჩი საქართველოში მოგვიწოდებს სანქციების დაწესებისკენ, როდესაც ის ვალდებულია, რომ მინიმუმ სასანქციო პოლიტიკა არ დაარღვიოს და ამ ქვეყანაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა არ აუარონ გვერდი სანქციებს, თუმცა ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ორმაგი სტანდარტები მოქმედებენ ეს ქვეყნები და კონკრეტულად ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.