თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბურჭულაძე და მისი მეგობრები იყვნენ არა დამოუკიდებელი პირები, არამედ იმ მოძალადეების ერთგვარი სახე, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ რეჟიმს ქმნიდნენ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

"თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბურჭულაძე და მისი მეგობრები არ იყვნენ დამოუკიდებელი პირები და იყვნენ ერთგვარი სახე იმ ძალადობრივი პირების, რომლებიც თავის დროზე ქმნიდნენ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ რეჟიმს," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, პენიტენციურმა დაწესებულებებმა ზოგიერთ მათგანს ვერ უშველა. შეხვედრა უნდათ? - შეხვდნენ, ლაპარაკი უნდათ? - ილაპარაკონ, თუმცა ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და შემდგომ არ დაიწყონ წუწუნი თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ სახელმწიფომ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები მათი ძალადობრივი მოწოდებების წინააღმდეგ," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, "კურიერმა" მოიპოვა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს. "კურიერის" ინფორმაციას არ უარყოფს თავად პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ესაუბრება ყველას, ვინც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მის გეგმას იზიარებს. "კურიერის" ინფორმაციით, მანამდე პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან სახლში იმყოფებოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს.