1746733863
"ტარდება ერთგვარი სპეცოპერაცია, რათა "ქართულმა ოცნებამ" თავის ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ" - მარიამ ბაჯელიძე

ორგანიზაცია "სირცხვილიას" ყოფილი თავმჯდომარის, სამოქალაქო აქტივისტის საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით სამი საათის წინ დასრულდა. მარიამ ბაჯელიძემ ჩხრეკის პროცედურასა და ორგანიზაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, "სირცხვილია," რომელიც უკვე რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ახორციელებდა.
"ეს არის ერთგვარი სპეცოპერაცია, იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავის ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან უცხოური დაფინანსებებით.
ორგანიზაცია "სირცხვილია" აღარ ფუნქციონირებს 2024 წლის ოქტომბრიდან და იქამდეც არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. მეც რამდენიმე თვეა, რაც თავმჯდომარე აღარ ვარ, ამიტომ ჩემთან რატომ შემოვიდნენ, როგორც ბორდის წევრთან და ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ესეც ცოტა გაუგებარია ჩემთვის," - აღნიშნა მარიამ ბაჯელიძემ.
ჩხრეკა დასრულდა, ასევე, "უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
"ჩატარდა ორი საგამოძიებო მოქმედება. ერთი - ჩემი პირადი ჩხრეკა, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის შემდეგ, გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი. ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი, პირადი ტელეფონი.
გამოძიება, რაც დაწყებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წინააღმდეგ, არის მთლიანად უკანონო გამოძიება," - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ალეკო ცქიტიშვილის სახლში მიმდინარე ჩხრეკას გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე.
"20 წელია, ეს კაცი არის უფლებადამცველი და არის კანონიერი ადამიანი. მის სახლში შევარდნა, ჩხრეკა არის მხოლოდ იმ ხალხის ხელწერა, რომელსაც ელანდება შეთქმულებები და კონსპირაციები," - აღნიშნა ანა დოლიძემ.