1794936548
ტაი ჩუნიუნგი: მომავალ წელს ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 35-ე წლისთავი აღინიშნება, მზად ვართ, ვიმუშაოთ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განსახორციელებლად
ბოლო წლებში, ჩინეთისა და საქართველოს ლიდერების ხელმძღვანელობით ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი მიზნად ისახავს საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთნდობის გაღრმავებას.
„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩინეთი და საქართველო მუდმივად იცავენ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას. ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების ხელმძღვანელობით ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ორჯერ გაუმჯობესდა და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდა.
მომავალ წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავი აღინიშნება. ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ორივე ქვეყნის ხალხისთვის მეტი სარგებლის მოსატანად. ჩინეთი მიზნად ისახავს პოლიტიკური ურთიერთნდობის გაღრმავებას, ერთმანეთის ძირითად ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე მტკიცე ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელებას. ასევე პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ ინიცირებული „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და „შუა დერეფნის“ კონცეფციას შორის სტრატეგიულ თავსებადობას.
ჩვენ ასევე ვისწრაფვით თანამშრომლობის გაფართოებისკენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა და ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა და ტურიზმი, რათა ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა უკეთ ემსახუროს ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს“, – განაცხადა ჩუნიუნგმა.









