შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში ვიზიტამდე რისკები შეაფასონ

შვეიცარიის საელჩო

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე სიფრთხილე გამოიჩინონ და რისკები აწონ-დაწონონ.

მათივე ცნობით, ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია „უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“.

„ახლანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და პოტენციური რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ“, – ნათქვამია განცხადებაში.