შალვა პაპუაშვილი სააგენტო „მთის ამბებზე: რამდენადაც ვიცი, ეს გამოცემა და მისი დონორი ფინანსებს მალავენ, თუმცა რაც ზოგადად ჩანს, მას აქვს გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროპაგანდაში სააგენტო „მთის ამბების“ ჩართვაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გამოცემა და მისი დონორი ფინანსებს მალავენ.

„რამდენადაც ვიცი, ეს გამოცემა თუ ორგანიზაცია [სააგენტო მთის ამბები] თავის ფინანსებს მალავს და მისი დონორიც მალავს ფინანსებს, თუმცა რაც ზოგადად ჩანს, მას აქვს გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსება. მე არ ვიცი ეს გერმანიის, ევროკავშირის თუ ვისი ბიუჯეტია, ფაქტია, რომ ევროპიდანაა, რადგან ამერიკა ასეთ პროექტებს აღარ აფინანსებს.

მინდა ამ ევროპულ დედაქალაქებს „მივულოცო“, რომ ისინი ქსენოფობიას აფინანსებენ. ეს თუ არ არის ევროპის სირცხვილი, რომ მისი ფული იხარჯება ქსენოფობიურ კამპანიებში, მაშინ მათ არ იციან რა არის სირცხვილი, არ იციან რა არის ქსენოფობია ან არ იციან რა არის ევროპა.

სამარცხვინოა იმ ევროპის, რომელსაც გამოვლილი აქვს უმძიმესი ისტორია ქსენოფობიისა, ათწლეულების შემდეგ კვლავ ვხედავთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქის ფული გამოიყენება ქსენოფობიური კამპანიის დასაფინანსებლად. მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც ამ ორგანიზაციას აფინანსებენ - გაამჟღავნონ საკუთარი თავი, დაასახელონ, ვინ არიან, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას. რადგან ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, ვინ არიან ქსენოფობი დონორები საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„იგლ ჰილსისა“ და ქართული ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ პროპაგანდაში ჩართულია „მთის ამბებიც“. სააგენტოს აფინანსებს გერმანიის ხელისუფლება. „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა დონორებს და პასუხს ელოდება.