შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში, ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამის წინააღმდეგ, ასე რომ, ევროპის საბჭოს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ

 შალვა პაპუაშვილი

ბოლო რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ბრიუსელის დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება, როგორ ებრძოლოს ჩარევას და ამ მხრივ გამოცდილებას ევროპის საბჭოს გაუზიარებს.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს აქვს შექმნილი სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოური საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე. ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, ევროპის საბჭომ მინისტრთა კომიტეტის წევრებს სთხოვა მოსაზრებების წარდგენა, შესაბამისად, ჩვენ, ისევე, როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროპის საბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევის, მეორე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში  ბრიუსელის დაფინანსებით ხდება და ამ სიძულვილის წაქეზებით, დეზინფორმაციით, როგორ მიჰყავთ ადამიანების გარკვეული ჯგუფი  ძალადობამდე და სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ეს გამოცდილებაც ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ასე რომ, ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.