1772134861
შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს
სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს რაღაც სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების მცველები არიან, დღეს გაკრინტული აქვთ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს.
„ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან საქართველოში უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. ხმას არ იღებენ, რადგან ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს მეხუთე კოლონა, რომლებიც როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს. როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება – დღემდე არცერთმა მედიაუფლებების დამცველმა, კოალიციამ, ორგანიზაციამ, თუ ლეგიონია მათი სახელი, არცერთმა ხმა არ ამოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც მედიის სფეროში ან „ენჯეო“ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც ამ ქვეყნის შვილებისთვის, როდესაც ისინი დადგნენ ლონდონის და არა საქართველოს მხარეს. ფაქტია, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.












