შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ | დიდი კურაპალატის აღსასრულიდან. სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს

შალვა პაპუაშვილი

11 თებერვალს დაწესებულია დიდი ქართველი მეფის და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ I დიდი კურაპალატის ხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს შესრულდა ზუსტად 1 200 წელი წმინდა მეფის აღსასრულიდან და სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის ღონისძიებებს.

„საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წელი სასულიეროსთან ერთად საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლოვან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადაბენ.

17 საუკუნის წინ საქართველოში შემოვიდა და იქადაგა წმინდა ნინომ, მან მოაქცია ქართლი, გააცოცხლა ქრისტეს მოციქულთა ნაკვალევი, გაანათლა წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია.

შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მოთხრობა ქრისტიანობის გარეშე, მონარქიის გარეშე, წმინდა და თავდადებული მეფეების და დედოფლების გარეშე.

სწორედ ასეთი იყო დიდი მეფე აშოტ პირველი, მეფე ქართლისა, ტაო-კლარჯეთისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო ტახტზე დამამკვიდრებელი.

მრავალბრძოლაგამოვლილი მეფე ზუსტად 12 საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს მოღალატეებმა დოლისყანის მონასტრის ტაძრის საკურთხეველში გამოასალმეს სიცოცხლეს. გადმოცემა გვეუბნება, რომ წმინდა მეფის დაღვრილი სისხლი მრავალი ასწლეულის განმავლობაში ტაძრის ქვაფენილს არ სცილდებოდა.

საუკუნოდ იყოს ჩვენი დიდი და წმინდა წინაპრების დიდება და ღვაწლის ხსენება!“, – წერს პაპუაშვილი.