ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა - ამინდი უარესდება
1747077153
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვდით, მისი თხოვნით, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ჩვენი დელეგაციის საკითხზე, ის გავიმეორე, რაც საჯაროდ აღმინიშნავს, ხალხის არჩევანის კითხვის ქვეშ დაყენება დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აბსოლუტური წითელი ხაზი იყო, როცა „პასეს“ რეზოლუციაში იყო მოწოდება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
„დემოკრატია ხალხის არჩევანსა და ნებაზე დგას. ხალხის ნებისა და არჩევანის უარყოფა მიუღებელია. ამავე დროს, თეოდოროს რუსოპულოსს მადლიერი ვარ, რომელიც მოწადინებულია, რომ გარკვეული რადიკალური მიდგომები დაშვებული არ იყოს, მათ შორის PACE-ს ფარგლებშიც, ამიტომ, მას აინტერესებდა, თუ რა შეიძლება იყოს ამ მხრივ შესაძლებლობა იმის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აღადგინოს თავისი მუშაობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამ მხრივ, ნათელი პოზიცია გვაქვს – მნიშვნელოვანია, რომ PACE-ს წევრებმა აღიარონ დემოკრატია, ხალხის ნება, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. როცა წევრების ნაწილი ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს, შეუძლებელია, იქ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. ამიტომ, იმედი მაქვს და PACE-ს პრეზიდენტიც მოწადინებულია, რომ ამ მხრივ, ექსტრემული ან რადიკალური მიდგომები, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ დელეგაციას აქვს და ვინც ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა, იქნებ, ამის გამოსწორება შესაძლებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს დროთა განმავლობაშიც ასე მოხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი ქართველი ხალხის ნების არაღიარებაზე, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლებისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ქართველი ხალხის ნების არცნობა ხდებოდეს, ასევე ქართველი ხალხის არჩევანის გადაკეთების მცდელობა. უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას, იქ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ, რომელთაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება სურთ. ეს ის ხალხია, PACE-ს რეზოლუციაში სააკაშვილი ჩაწერა, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, ამ ჯგუფების რადიკალურ პოზიციებს ვხედავთ. ვხედავთ იმასაც, რომ არიან ყოფილი ავტორიტარული მმართველის, სააკაშვილის მფარველები და აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ ამგვარ ორგანიზაციებში რამენაირად საქართველო დააზიანონ. ამიტომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოწადინებაა, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს თავად PACE-ს შიგნით და შესაძლებელი იყოს, რომ PACE-მ ის ვალდებულება შეასრულოს, რაც მას აქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეეძლოთ თანამშრომლობა. დღეს, ქართველი ხალხის წარმომადგენლების მიმართ ზოგიერთი ხალხების წარმომადგენლებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ, რაც მიუღებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.