შალვა ნათელაშვილმა ქონება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დააგროვა​, მან სააკაშვილის დროსაც აიღო მრავალ ათასიანი ხელფასები - გია აბაშიძე

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე

​„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი დეპუტატია, რომელსაც ხელფასიდან „არც ერთი ცენტი“ არ აუღია.

ნათელაშვილის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ​ „პრაიმტაიმთან” განაცხადა, ნათელაშვილი საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

"შალვა ნათელაშვილი ნამდვილად ერთადერთი პოლიტიკანია, რომელიც ამდენი წელია პოლიტიკურ შარლატანობას ეწევა. ​შალვა ნათელაშვილმა სააკაშვილის დროსაც, ვითომ პარლამენტში არ შესვლით, აიღო მრავალ ათასიანი ხელფასები ​და დღემდე აგრძელებს ამ ბიუჯეტურ პარაზიტობას. მან ქონება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დააგროვა​. ნათელაშვილს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე პარტია პირად ქონებაზე აქვს გაფორმებული. ის ცდილობს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს, მაგრამ საზოგადოება ბნელი ნამდვილად არ არის",- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნისა და ხალხის ბედნიერებისა. ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე,  რომელიც ამ წუთამდე პარლამენტის დეპუტატია და არც ერთი ცენტი ხელფასი არ ამიღია, რა გავაკეთო. სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე.

ვერაფერი გამოიგონეს, გარდა ცილისწამების, ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ამათ რა უნდა ელაპარაკო. ჩემი ხელფასი პარლამენტში უდევთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი უკვე დაუჭირა.

 

ასევე ნახეთ - რას ამბობდა შალვა ნათელაშვილი 2 წლის წინ