სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან

ეკა სეფაშვილი

როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ჩვენ ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა იმისათვის, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ეს პარტნიორობა მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მოტანას და არა მხოლოდ ცარიელ ფურცელზე გაცხადებულ დეკლარირებულ მიზნებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი ასევე დადებითი სიგნალია.

„ზარიც და სატელეფონო საუბარიც უკვე ნიშნავს პოზიტიურ ძვრას და პოზიტიურ სიგნალს, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არის.

მე შემიძლია, ვარაუდი გამოვთქვა, ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, რას შეიძლება გულისხმობდეს ორ ქვეყანას შორის დაახლოება და სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, გლობალურ ეკონომიკურ პროექტებზე, სადაც საქართველო არის აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკონომიკურ ზონებს შორის ერთ-ერთი დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორც ინდუსტრიული, ასევე ციფრული და უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით. ამ საკითხებზე იყო საკმაოდ დიდი დაინტერესება.

ასევე პოზიტიური იყო შეფასებული ის თემა, რომ საქართველო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ხაზგასმული იყო ის ღირებულებითი ერთობა, რასაც ჩვენი მასპინძელი მხარისგანაც მოჰყვა ძალიან დადებითი შეფასება და მათი მხრიდანაც იყო ხაზგასმული, რომ ეს ღირებულებითი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც შეიძლება ძალიან წარმატებით აიგოს მომავალი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხი ძალა“ მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში დაგეგმილ პოზიტიურ ნაბიჯებს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, აპრილში უკვე იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ - „ხალხის ძალა“ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ ნაბიჯებს იმიტომ, რომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვართ იმის მომხრე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციისკენ მიმართული.

ამ მიმართულებით ჩვენ ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს სწორედ პარტნიორებთან კეთილმეზობლურ და თანაბარუფლებიან დამოკიდებულებას. მმართველი პარტიიდან ჩვენი გასვლის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ სწორედ ამას ვითხოვდით - თანაბარუფლებიანი დამოკიდებულება გვქონოდა პარტნიორებთან“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.