საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

2026 წლის 2 ივლისს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.