საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ ძალას, რომელიც პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს - ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი

 "ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს", - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა, რომელიც უნგრეთში იმყოფება.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ადგილობრივ ორგანიზატორებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების ჩატარებაზე, აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს", - აღნიშნა მეზურნიშვილმა.

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია.