რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, პროტესტის ნიშნად დატოვეს

რუსთავის საკრებულო

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საბჭოს დატოვების მიზეზი, ბოლო პერიოდში საკრებულოს აპარატში განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის ხელმძღვანელიც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, დღემდე რეაგირება არ მოუხდენია, აპარატის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტებზე, რაც შრომის ინსპექციის მიერ საკითხის შესწავლის შედეგადაც დადასტურდა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, დისკრიმინაციის და შევიწროების უკვე დადასტურებული ფაქტების გამო, სამწუხაროდ, დღემდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია გენდერულ საბჭოს. მაშინ, როდესაც გენდერული საბჭოს წევრები თითქოსდა სამუშაო გეგმისთვის ირჯებოდნენ, მათ გვერდით მიმდინარეობდა საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შევიწროება. ასეთ დროს, გენდერულ საბჭოს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, - არც მხარდაჭერის, არც სოლიდარობის, არც დაგმობის, მით უფრო, რომ ამ საბჭოს წევრები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვუცხადებთ რა სოლიდარობას საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, ვტოვებთ გენდერულ საბჭოს“, - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა. რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების შესწავლის მიზნით, შრომის ინსპექციას მიმართეს. შრომის ინპექციამ, მათი მიმართვის საფუძველზე საკითხი შეისწავლა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დასტურდება პოლიტიკური ნიშნით აპარატის თანამსრომლების დისკრიმინაციის ფაქტები, რის გამოც საკრებულოს 1200 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექტიის დასკვა, 10 ნოემბერს, თავად საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროეს.