რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება და არსებულ 99 802 ჰექტარს, ვაშლობის ხეობის მიერთების შედეგად, 3638 ჰექტარი დაემატება. მისივე თქმით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე ხდება.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ხეობას, რომელსაც უნიკალური ეკოსისტემა აქვს, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

„ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა, მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი დადებითად შეაფასა და პლენარულ სხდომაზე მისი პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.