1750119344
თეირანში, ავიაიერიშების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

გამთენიისას, ირანმა ისრაელის ქალაქ პეტახ ტიკვაში მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსს ბალისტიკური რაკეტა ესროლა, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ღონისძიებები, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ირანული რაკეტების მოგერიებას, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. თავდასხმის შედეგად, აფეთქებები ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში მოხდა. ჰაიფაში და ბნეი-ბრაკში არის მსხვერპლი, დაიღუპა 4 ადამიანი. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 300 ზე მეტმა. თელ-ავივში, ბათ-იამში და რეჰოვოთში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
შეტევას განაგრძობს ისრაელიც. თეირანში, ავიაიერიშების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. ჩამოიშალა თავდაცვის სამინისტროს შენობა, განადგურებულია სამეცნიერო–ინოვაციის ცენტრები და მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტი. ისპაჰანში პილოტების სამიზნე საჰაერო თავდაცვის კომპლექსები გახდა. "ცახალის" სამიზნეა ირანის ხელმძღვანელობაც. მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი და მისი თანაშემწე.
ირანის ხელისუფლება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას ცდილობს, უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს. ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. "ირან ინთერნეიშენალი" წერს, რომ ირანული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ხამენეის რუსეთში შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით. ამის ფონზე ირანის პრეზიდენტი ისრაელს მკაცრი პასუხით ემუქრება.
კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპი დარწმუნებულია, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და აცხადებს, რომ ამ პროცესში შესაძლოა შუამავლის ფუნქცია რუსეთის პრეზიდენტმა შეასრულოს.
ირანი, აშშ-ს ისრაელის სამხედრო მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ულტიმატუმს უყენებს. ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების აღდგენისთვის, თეირანი ვაშინგტონისგან ისრაელის იერიშების დაგმობას ითხოვს. ქვეყნის მაჯლისი კი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ამზადებს. გაერო-ს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტის შემუშავებულ ამ დოკუმენტს ირანმა ხელი 1970 წელს მოაწერა.