რეფორმის ერთადერთი მიზანია, საქართველოში სტუდენტებმა მიიღონ იგივე ხარისხის განათლება, რომელსაც მიიღებდნენ ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

 ქვეყანაში ჩატარებულ შრომის ბაზრის კვლევას კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ პრემიერის პოზიციას იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება. თემაზე პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.

კვლევის მიხედვით, არსებობს სპეციალობები საქართველოში, რომლებზეც მოთხოვნა არის, თუმცა კადრების დეფიციტია. თუმცა, არიან ისეთებიც, მაგალითად იურისტები, რომელიც ქვეყანას საჭიროზე 3-ჯერ მეტი ჰყავს. მმართველი გუნდის შეფასებით, განათლების სტრატეგია სწორედ ბაზრის ანალიზს დაეფუძნება.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ერთადერთ მიზანს წარმოადენს, რომ საქართველოში სტუდენტებმა მიიღონ იგივე ხარისხის განათლება, რა განათლებასაც ისინი მიიღებდნენ ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში. ჩვენ, კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემა არის ძალიან სუსტ მდგომარეობაში და 4-5 წელი მაინც დასჭირდება იმისთვის, რომ ამ რეფორმის პირველადი შედეგები ვიგრძნოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კვოტები უნდა შედგეს, სწორედ იმ მოთხოვნის მიხედვით, რა მოთხოვნაც არის რეალურად შრომის ბაზარზე. მეტ-ნაკლებად, ეს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც სტუდენტი კონკრეტული პროფესიით მიიღებს განათლებას, ამ პროფესიითვე მოახდინოს თავის რეალიზება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.