1771355340
რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.
რატიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად მტკივნეული მწარმოებლებისთვის გადახდის ვადებია, რომელიც ერთი თვიდან 45 დღემდე პერიოდს შეადგენს.
„გადახდის ვადები ეს არის 1 თვიდან 45 დღემდე. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებზე, ანუ პროდუქტები, რომლებიც იყიდება მაქსიმუმ 2 დღეში, ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ. უზარმაზარი პრობლემაა, პირდაპირი „ქეშის“ წაღებაა კომპანიიდან, რომლის შესავსებადაც, სამუშაო კაპიტალის, ჩვენ მივდივართ ბანკში. მათ კი ჩვენს ხარჯზე უფასო არასაბანკო წყაროდან ყოველგვარი პროცენტისა და დანამატის გარეშე გარანტირებული თანხა აქვთ საბრუნავად“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.











