1771355340
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერი და სპორტული მოედნები განახლდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ვაჟა- ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი და ორი სპორტული მოედანი განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. სპორტულ მოედნებზე დაიგება რბილი საფარი, განახლდება ღობეები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.
რაც შეეხება სკვერს, ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით რბილ საფარზე, ორი ფიტნესზონა, ორი გადახურული პავილიონი მაგიდებითა და სკამებით.
გარდა ამისა, სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სამი ტიპის საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და ხე-მცენარეები.
მერიის ინფორმაციით, სკვერისა და სპორტული მოედნების პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 427 000 ლარს შეადგენს.












