თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მაგდალენა გრონოსთან, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელთან კაიოკო გოტოსთან. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარა ხედვა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა სახელმწიფო მინისტრთან მადლიერება გამოთქვეს თანამშრომლობისათვის და დაადასტურეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მაქსიმალური ძალისხმევის გაწევის მზაობა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.