რატი იონათამიშვილი: როდესაც არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის საგარეო უწყება, ის რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავის დიპლომატიას. უპრიანი იქნება გერმანიის ელჩი მსგავსი საკითხების გამოსწორებაზე იყოს ორიენტირებული

რატი იონათამიშვილი

როდესაც არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის საგარეო უწყება, ის რეპუტაციულ ზიანს აყენებს გერმანულ დიპლომატიას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს გერმანიის საგარეო უწყება მიზანმიმართულად არ აახლებს ინფორმაციას თუ ეს არის ტექნიკური ხარვეზი, რადგან ფაქტი ერთია, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

„აღარ აქვს მნიშვნელობა ეს კონკრეტული თანამშრომლების, ბიუროკრატების, დაუდევრობის თუ არაპროფესიონალიზმის ბრალია. ფაქტია, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია. შესაბამისად, ფაქტი არის ისიც, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება თვითონ გერმანიის საგარეო უწყებისთვის არ არის კარგი. მათთვის არის პირველ რიგში საზიანო.

ამიტომ ჩვენ ვისაც გული შეგვტკივა, რომ რეპუტაცია არ ილახებოდეს რა საკვირველია ვალდებულება არის, რომ მივუთითოთ მათ ამ ტექნიკური უზუსტობის შესახებ და ვურჩიოთ მისი გამოსწორება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი საკითხები დადებითად არ აისახება ამ უწყების საქმიანობაზე. როდესაც გერმანიის ელჩი მთელ თავის ენერგიას ხშირ შემთხვევაში ხარჯავს ხოლმე იმაზე, რომ ბიძგი მისცეს რადიკალურ ოპოზიციას, უპრიანი იქნება მსგავსი საკითხების გამოსწორებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

ტელეკომპანია „იმედმა“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ არის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.