გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

გიგა ავალიანის დედა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ ბრალდებულებისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ეკა კუპატაძემ განაცხადა, სასჯელს ელოდა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის რომ პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, რომელმაც ყველაფერი „ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა“.

„თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ.

ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.

მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, სასამართლომაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, მე ღირსეული შვილი მომიკლეს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.