მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ რიცხვების გამოცხადება, ეს არის სამაგალითო გადაწყვეტილება - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

ქეთევან სონიძე

ვერდიქტი გამოცხადებულია - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამივე არასრულწლოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა. 14-14- წელი ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, 9 წელი კი დემეტრე ჩიქოვანს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ.

ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებში მხილებულ გაბაშვილსა და რიკაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით.

საქმის პროკურორის ქეთევან სონიძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ რიცხვების გამოცხადება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ეს იყო სამაგალითო გადაწყვეტილება.

„კონკრეტულად ამ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ რიცხვების გამოცხადება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ეს იყო მისი ღირსეული, არა მხოლოდ გადაწყვეტილება, არამედ ღრმა სამართლებრივი, სოციალური და მორალური შეფასებები, რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც სასჯელის დასაბუთების კუთხით, იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმააზროვანია, რომ სამაგალითო იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. დაცვის მხარე სპეკულირებდა იმ საკითხით, თითქოს ვინმეს ავიწროებდა გიგა ავალიანი და ამით ცდილობდნენ გიგა ავალიანის რეპუტაციის შელახვას, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდა დაცვის მხარეს და მათ გულშემატკივრებს. როგორც სასამართლომ შეაფასა და როგორც საქმის მასალებიდან ცალსახად ჩანს, სრულიად ობიექტური მსმენელი ისე, რომ მას არ სცოდნოდა დაზარალებულის პიროვნება, მარტივად მიხვდებოდა და გაანალიზებდა ვინ იყო სინამდვილეში გარდაცვლილი ადამიანი, ის იყო საზოგადოების სამაგალითო წევრი“, - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულებმა წინასწარ შეისწავლეს 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის პიროვნება, ასევე მისი მარშრუტი. 1 ოქტომბერს მოუწყვეს ჩასაფრება და თავს დაესხნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.