რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს პირველ რიგში ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს

რატი იონათამიშვილი

26 იანვარს გაერო-ს ჟენევის შტაბ-ბინაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის ანგარიში გაიმართა, რომლის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა სახელმწიფო უწყებამ ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა. დისკუსიის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ სამართლიანი, მყარი, ობიექტური არგუმენტები როცა გიმაგრებს ზურგს, ყოველთვის გაქვს უპირატესობა და კრიტიკულად განწყობილი მხარე ამ შემთხვევაში ნამდვილად იჩაგრება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ასევე კარგად გამოჩნდა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თავისუფალნი არიან თავს მოხვეული დღის წესრიგისგან, დადებითად აფასებდნენ საქართველოში პროგრესს, რომელიც, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არაერთი მიმართულებით არსებობს, იქნება ეს საკუთრების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების სამთავრობო სტრატეგია თუ სხვა“.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დისკუსიისას მიეცათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს და ასახულია საერთაშორისო ობიექტურ ინდექსებში.

„იქნება ეს კორუფციისგან თავისუფალი შეფასება, კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა თუ სხვა. ამავდროულად, იმ ცალკეულ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი გაემეორებინათ, კიდევ ერთხელ მოუწიათ, მოესმინათ სტრასბურგის სასამართლოს იმ 100-ზე მეტი ვერდიქტის შესახებ, რომელსაც გასამართლებული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა““, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ამ ვერდიქტებში საუბარია უმძიმეს და სისტემურ დანაშაულებზე, მათ შორის, ადამიანის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე, სიცოცხლის უფლების მოსპობის კონკრეტულ ფაქტებზე, სახელმწიფო რეკეტზე და სხვა.

იონათამიშვილის თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, ფაქტობრივად, შეჯამებულია სტრასბურგის სასამართლოს 100-ზე მეტი ვერდიქტი, რომელიც გამოტანილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომლებიც არ იქნება თანხვედრაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.

„რაც შეეხება თვითონ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც იქნება UPR-ის ფარგლებში გამოთქმული, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებოდა. ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომლებიც არ მოვა თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო, ვინაიდან ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ პირველ რიგში ვუსმენთ, ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნების ბიუროკრატების მოსაზრებებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.