რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: დებატების ადგილი არის პლენარული სხდომა - როდესაც ჩვენ ვამხილეთ იმაში, რომ შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, დაიწყეს უხერხული და უსუსური თავის მართლება

რატი იონათამიშვილი

დებატების ადგილია პლენარული სხდომა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომელმაც იონათამიშვილი სატელევიზიო დებატებში მიიწვია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, შესაბამისი სუბიექტებისთვის ვალდებულებები ჩნდება, რათა მათ ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ, აღნიშნული პარტიის წევრებმა პარლამენტში განხილვისას საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

იონათამიშვილის თქმით, როდესაც პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები სხვა კანონებს არ უჭერდნენ მხარს, იყო შემთხვევა, რომ „მაგალითად, ბატონი შალვა კერესელიძე, ტრიბუნიდანაც არ ჩამოდიოდა“.

„ამ შემთხვევაში კი არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ და არც საპარლამენტო ტრიბუნით არ უსარგებლიათ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვამხილეთ იმაში, რომ შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, დაიწყეს უხერხული და უსუსური თავის მართლება, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას განმარტებას, თუ რატომ მისმა პარტიამ ხმა შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ, უხერხული თავის მართლება უწოდა. იონათმიშვილი გამოეხმაურა ფარულავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრი განხილვებსაც ესწრებოდა და მეტიც, მას შშმ პირი ახლდა, რომლის შენიშვნებიც არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომ მისცეს ხმა კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ.