რატი იონათამიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევებით, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებზეა, ამის ფონზე ვხვდებით, როგორი ფარატინა ფურცლებია ცალკეული ინსტიტუციების რეზოლუციები

რატი იონათამიშვილი

ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევები ობიექტურ შეფასებებს ეფუძნება და ამ კვლევების მიხედვით, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი შეფასებების ფონზე ფარატინა ფურცლებია რეზოლუციები, რომელთაც ცალკეული ინსტიტუციები საქართველოს წინააღმდეგ იღებენ.

„საერთაშორისო დონეზე ჩენდლერის ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ობიექტური შემფასებელია, მისი ავტორიტეტი მაღალია. ფაქტია, მისი კვლევები ობიექტურ შეფასებებს ეფუძნება. ამ კვლევების მიხედვით, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ყველა მიმართულებით, ეს იქნება – კარგი მმართველობის ინდექსი, გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო საკუთრების უზრუნველყოფის თუ სხვა მიმართულებით. ამ შეფასებების ფონზე ვხვდებით, როგორი ფარატინა ფურცლებია რეზოლუციები, რომელთაც ცალკეული ინსტიტუციები საქართველოს წინააღმდეგ იღებენ. ამ ყველაფრის შედეგად კი, საკუთარი ინსტიტუტების რეპუტაციას აზიანებენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ანგარიშის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.