1768227650
პროკურორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახისთვის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი არ განიხილება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა დანაშაული, რაც გახდა საფუძველი საპროცესო შეთანხმების გაფორმების.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ეს გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ღარიბაშვილი უკვე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება. ამავდროულად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
პროკურორის განმარტებით, დაკისრებული ჯარიმის გადახდის დრო განსაზღვრული არ არის. მისივე თქმით, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ განიხილება ოჯახისთვის ქარხნის ჩამორთმევა?, ნათია თათიაშვილმა უპასუხა: „არა“.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუსში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.












