1733258119
PRO V&V-მ წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, სადაც ცალსახად წერია, რომ ამომრჩეველი ერთიან სიაში არის უნიკალური პირადი ნომრით და მისი დუბლირება შეუძლებელია - გიორგი კალანდარიშვილი
"კენჭისყრის დაკვირვების შედეგად წარმოდგენილ დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ამომრჩეველი ერთიან სიაში არის ამომრჩევლის უნიკალური პერსონალური ნომრით, პირადი ნომრით და მისი დუბლირება შეუძლებელია," - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ კენჭისყრის დაკვირვების შედეგად, ერთიან სიებში დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
"Pro V&V-მ, რომელიც არის ამერიკული კომპანია, წარმოუდგინა ინსტიტუციას საბოლოო, დასკვნითი ფაზის ანგარიში, რომელშიც კიდევ ერთხელ, დამატებით გაცემულია პასუხის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რომელიც, განსაკუთრებით კენჭისყრის დღის შემდგომ, მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ყურადღება გამახვილებული იყო, ჯერ კიდევ, პირველი და მეორე ფაზის შედეგებში, დღეს კიდევ ერთხელ, კენჭისყრის დაკვირვების შედეგად წარმოდგენილ დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ამომრჩეველი ერთიან სიაში არის ამომრჩევლის უნიკალური პერსონალური ნომრით, პირადი ნომრით და მისი დუბლირება შეუძლებელია.
გარდა ამისა, კენჭისყრის დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიებში დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომელსაც ამერიკული კომპანია საუბრობს," - განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა ამერიკული კომპანიის, prov&v-ის სანდოობაზეც და აღნიშნა, რომ ის ამერიკის საარჩევნო კომისიის მიერაა აკრედიტებული.
"აქვე, მინდა, ორიოდე სიტყვით აღვნიშნო, რომ ეს კომპანია და მისი საქმიანობა, ის რომ თითქოს მისი ვებგვერდი არ იძებნება, გახდა მანიპულაციურად წარმოჩენილი და მისი სანდოობისა და რეპუტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი მაშინ, როდესაც ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც 2-დან ერთ-ერთია, რომელსაც ასეთი ტიპის აკრედიტაცია/ლიცენზია გააჩნია ხმის მიცემის სისტემების სისტემებისა. ეს გახლავთ საარჩევნო ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს არამარტო ამერიკის მასშტაბით, არამედ მის მიღმა შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. არათუ ასეთი ტიპის შემოწმებას ახორციელებს, არამედ მათ აქვთ უფლებამოსილება, რომ აშშ-ის მასშტაბით გასცენ სათანადო ლიცენზიები იქ გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ. ასეთი ტიპის კომპანიაზეა საუბარი, რომელიც ამერიკის საარჩევნო კომისიის მიერაა აკრედიტებული. მათ გვერდებზე, ოფიციალურად, ყველა ეს საკონტაქტო ინფორმაცია იძებნება," - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.