„გზა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა...“ - თეოფილე მალაქიას სტუდენტი წლების შემდეგ დუმილს არღვევს
1789244514
უნგრეთის მთავრობა შეცვლის 2020 წელს ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ მიღებულ კანონს, რომელმაც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა, ფაქტობრივად, აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
უნგრეთში, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ერთსთნაირსქესიანი წყვილებისთვის 2020 წლის ბოლომდე შვილის აყვანა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადს მარტოხელა პირის სტატუსით შეიტანდა.
ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პარტიის, „ფიდესის“ მიერ 2020 წელს მიღებული კანონის თანახმად, მარტოხელა პირებს შვილის აყვანის შესახებ განაცხადის დასაკმაყოფილებლად ოჯახის საკითხებში მინისტრის თანხმობა სჭირდებოდათ, რაც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შესაძლებლობის ფაქტობრივ აკრძალვას ნიშნავდა.
როგორც „როიტერი“ წერს, შვილის აყვანის სისტემის შეცვლა LGBTQ+ ადამიანების უფლებების აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„შეგვიძლია, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ამ სისტემას შევცვლით, ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას არა მინისტრი, ანუ პოლიტიკოსი, არამედ შესაბამისი პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომელთაც შეუძლიათ, განსაზღვრონ, რა პირობებში შეძლებს კონკრეტული მცირეწლოვანი ბავშვი იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
მედიის ინფორმაციით, ორბანის ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონებმა ასევე აკრძალა პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლა, ფაქტობრივად, შეაჩერა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შესაძლებლობა და სკოლებში აკრძალა ისეთი მასალები, რომლებიც ჰომოსექსუალობას ან გენდერულ ტრანზიციას ხელს უწყობდა.
უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კვლავ არ არის დაშვებული, თუმცა ქვეყანა სამოქალაქო პარტნიორობას აღიარებს.