პოლიტიკაში შავ ფულს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული, ამას ახლა ცდილობს ევროკავშირი, ამას ვაკეთებთ ჩვენც და ვიღებთ დაუსაბუთებელ კრიტიკას - არჩილ გორდულაძე მაიკ ბენცის განცხადებაზე

არჩილ გორდულაძე

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან, ლიზ ტრასთან ინტერვიუში საქართველოსა და უნგრეთის მიმართ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ისაუბრა.

"ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატები უნგრეთსა და საქართველოს მსგავსი კანონების მიღების გამო სანქციებით ემუქრებოდნენ," - აცხადებს მაიკ ბენცი, რომლის განცხადებებსაც თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა.

"პირველი შეტევა იყო, რომ "რუსულ კანონს" ვიღებთ და "როგორ შეიძლება, რომ უცხოეთიდან მომავალ თანხებში შევიტანოთ ეჭვი." შემდეგ მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია და თვითონვე გააუქმეს USAID-ი და NED-ი. მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები იყოს გამჭვირვალე - პოლიტიკაში შავ ფულს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით, უცხოეთიდან შემოდინებულ თანხებს და ჩარევა უნდა იყოს მინიმუმამდე დასული. ამას ახლა ცდილობს, მათ შორის, ევროკავშირიც რაც მისასალმებელია. ამას ვაკეთებთ ჩვენც და, სამწუხაროდ, ვიღებთ შეუსაბამო და დაუსაბუთებელ კრიტიკას. ეს არ არის ჩვეულებრივი კრიტიკა - ეს არის თავდასხმა ჩვენი ქართველი ხალხის ინტერესზე და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. გვიყურებენ ზემოდან, თითქოს მათ აქვთ თავიანთი ქვეყნების და ხალხების დაცვის უფლება, ხოლო ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა და ამის უფლება არ გაგვაჩნია," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.