სოზარ სუბარი: თუ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდება, რომელსაც ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, გაუქმდება ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი

სოზარ სუბარი

თუ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდება, რომელსაც ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, გაუქმდება ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სახელმწიფო რწმუნებული აპარატის ფუნქციონირება ქმნის ზედმეტ ბიუროკრატიას და იმ ფონზე, როდესაც არსებობს რეგიონული განვითარების სამინისტრო, რწმუნებული ინსტიტუტის მუშაობის საჭიროება აღარ დგას.

„დღეს კანონში მას დიდ უფლებამოსილებები არ აქვს, კონსტიტუციაში წერია, რომ მთავრობას უფლება აქვს დანიშნოს რწმუნებული. ოღონდ „უფლება აქვს“ - ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს. რეალური ძალაუფლება არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში და თვითმმართველობების ხელში. განაწილებულია ეს ფუნქციები. ამ დროს მთავრობაში შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ინსტიტუტი - რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ითვისებს იმ მაკოორდინებელ ფუნქციას, რომელიც მანამდე პრემიერის მხრიდან ჰქონდათ მინიჭებული სამხარეო რწმუნებულებს. აქ დგება საკითხი - ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე. ჯამში, ორივე ერთად არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი. ერთ-ერთის გაუქმების შემთხვევაში, დაახლოებით ნახევარი დაიზოგება. თუ ეს იქნება რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელსაც ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, ამის გარდა ეს არის შენობები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი გაუქმდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივაზე ვრცლად პარლამენტში ისაუბრა.