„ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს და ყველაფერი რიგზე იქნება“ - ემანუელ მაკრონმა ჯორჯია მელონის მოუწოდა, თავი შეიკავოს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან

ემანუელ მაკრონი ჯორჯია მელონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა, თავი შეიკავოს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დაპირისპირების მიზეზი მელონის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა. იტალიის ლიდერი გამოეხმაურა გასულ კვირას ლიონში მომხდარ ტრაგედიას - მემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკეს მკვლელობას და აღნიშნა, რომ ეს სასიკვდილო თავდასხმა „ჭრილობა იყო მთელი ევროპისთვის“.

ინდოეთში ვიზიტით მყოფმა მაკრონმა იტალიელი კოლეგის განცხადება უპასუხოდ არ დატოვა.

„ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს და ყველაფერი რიგზე იქნება “, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ხაზგასმით მოუწოდა მელონის, შეწყვიტოს „იმის კომენტირება, რაც სხვებთან ხდება“.