პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ჩემი ფუნქცია არ არის, ვთქვა, ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა - ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ მხედველობაში მიიღონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც დროის 50% უკვე ციხეში გაატარეს

პერე ჟოან პონს სამპიეტრო

ჩემი ფუნქცია არ არის ვთქვა ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმ პატიმრების გათავისუფლებაზე ისაუბრა, რომლებმაც სასჯელის 50%-ზე მეტი უკვე მოიხადეს.

ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ყველა აქტორთან განიხილეს.

„გეტყვით, რომ ჩვენ განსხვავებული ხედვები გვაქვს. თუმცა ჩვენ ვეყრდნობით 2024 წლის ანგარიშს. ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ რეკომენდაციების გაუმჯობესების მიზნით. იმის საფუძველზე, რაც დღეს ზოგიერთი აქტორისგან მოვისმინეთ, შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე უკეთესი არ არის ვიდრე 2024 წელს იყო.

ორ რამეს დავამატებ. პირველ რიგში, ჩვენ მაგალითად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგან, არის ის, რომ მხედველობაში მაინც მიიღონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც დროის 50% უკვე ციხეში გაატარეს. ჩემი ფუნქცია არ არის, ვთქვა, ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ციხეში არიან პოლიტიკური საქმიანობის გამო.

ჩემი აზრით, ჩვენ აქ წრიული დიალოგი გვქონდა ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის, ისინი ერთმანეთს ჩვენი შუამავლობით გაესაუბრნენ”, - განაცხადა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

მან პატიმრების მონახულებაზე ხელისუფლების უარის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უარი მათთვის მისაღებია.

„ჩვენ ვითხოვეთ ციხეში მყოფ პატიმრებთან ვიზიტი და წვდომა, განსაკუთრებით სახაროვის ჯილდოს მფლობელთან. ეს სურვილი გამოვხატეთ პრემიერთან, პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უარით გვიპასუხეს. ჩვენთვის მისაღებია, რადგან მთავრობას აქვს ამ უარის უფლება. თუმცა ვთხოვთ, რომ მხედველობაში მაინც მიიღონ. ვფიქრობ, როდესაც ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკება გსურს და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, ცხადია საჭიროა პოლიტიკური მოლაპარაკება. თუკი არსებობს რაღაცები, რაც არ მოგწონს, ან რაც განსახორციელებელი გაქვს, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ვფიქრობ დღეს, იმ სიტუაციის საფუძველზე, რაც გამოვცადეთ, გვავალდებულებს, ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ დაფიქრდეს მაინც მათ გათავისუფლებაზე”, - აღნიშნა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.