პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ზვიად გაბისონია

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საკითხი განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

„უმაღლესი განათლების კონცეფციის ნაწილში ჩვენ საშემოდგომო სესიის ფარგლებში წარმოვადგინეთ რეფორმის პირველი საკანონმდებლო პაკეტი. ახალი საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული ტიპის ცვლილებებს და დაზუსტებებს მოიცავს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.

ასევე ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.

ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული.
შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ვადით გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„რეფორმის შედეგად სტუდენტი იღებს უფასო განათლებას, გაფართოებულ ინფრასტრუქტურას, ორმაგ რესურსს და საერთაშორისო აღიარებას. უნივერსიტეტის ნაწილში პროფესორები იღებენ გაძლიერებულ კვლევით ბაზას, ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და უკეთეს პირობებს. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის იღებს კონკურენტუნარიან კადრებს, იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც აძლიერებს ქვეყანას და ძლიერ უნივერსიტეტს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.