პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

მაია ბითაძე

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, აღნიშნული ნორმა დედაქალაქში  2019 წლიდან მოქმედებს და საკრებულოს მიერ უკვე განისაზღვრა ადგილები და დადგინდა შესაბამისი წესები, რომელიც ავალდებულებს მეწარმეებს, რიგ შემთხვევაში, რეალიზაციის დროს გამოიყენონ გარკვეული შესაფუთი მასალები იმისთვის, რომ აღნიშნული პროდუქტების რეალიზება იყოს უსაფრთხო.

მისივე თქმით, ცვლილების მიღების შემთხვევაში ანალოგიური ნორმა  სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება.

კანონპროექტის  თანახმად:
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5000 ლარით.

• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში,  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარით.