პარლამენტმა მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მანქანები

პარლამენტმა, 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.

კანონის თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედი რეგულაციის მსგავსად, ძალაში რჩება ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებული სპეციალური განაკვეთები.

ასევე, ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, კანონი ძალაში 2026 წლის 2 აპრილიდან შევა.