პაატა სალია: ჩვენ ვხელმძღვანელობთ გარეო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება

პაატა სალია

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გარეო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

„იუსტიციის სამინისტრო, რომელიც არის საქართველოში სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, პირველ რიგში, ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს სისტემაში იყვნენ დასაქმებულნი პროფესიონალები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში საჯარო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა. ჩვენი მომსახურება შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. საქართველოში თითქმის მთელი ტერიტორია გვაქვს დაფარული იუსტიციის სახლებით. დღეის მდგომარეობით, 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება“, - აღნიშნა სალიამ.