ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყოს - ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი

ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყოს - ამის შესახებ "დებატების" ეთერში პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ასეთი საკითხები ძალით და ძალმომრეობით არ წყდება, ვერ წყდება, არასდროს გადაწყვეტილა და ვერც მომავალში გადაწყდება.

"ამ შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყოს. თქვენ, ხელისუფლება, ან ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ NATO-ს, ევროკავშირის წევრი და ამის შემდეგ დავიბრუნებთ ჩვენ აფხაზეთს და ცხინვალს? ანუ ოდესმე NATO-ს წევრი რომ გავხდებით, ან რანაირად გავხდებით, თვითონ ამბობენ, რომ აღარ ფართოვდებიან. ჩვენ ვიქცევით ასე - თქვენ კი ამბობთ, რომ არ გაფართოვდებით, მაგრამ ჩვენთვის მაინც გაფართოვდით რამენაირად, რომ დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი. ეს არასერიოზული მსჯელობაა.

ჩვენ იმიტომ გვინდა შევიდეთ ოდესმე რომელიმე გაერთიანებაში, რომ იმათი ჯარებით ჩვენ მერე შევიდეთ და დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი? არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშვიდობიანი გზით უნდა გავაკეთოთ ეს. მშვიდობიანი გზით უნდა გაკეთდეს.

როდესაც შევდივართ რომელიმე სამხედრო ბლოკში, რომელიც დაპირისპირებულია იმ ატომურ სამხედრო ძალასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ჩვენ ფაქტობრივად ვაცხადებთ, რომ საქართველო არის ორი დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკს შორის არსებული ტერიტორია, სადაც მათ შეუძლიათ გამართონ ომი ისე, როგორც ეს მიმდინარეობს უკრაინაში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურეს, რომ ეს მათი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული პროქსი ომია უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ხომ არ გვინდა ასეთი რამის გაკეთება საქართველოში? NATO-ში ჩვენ ხვალვე რომ მიგვიღონ, არ გვინდა ძალის გამოყენებით არც აფხაზეთში შესვლა და არც ცხინვალში შესვლა. ამას მარტო დეკლარაციის დონეზე ხომ არ ვამბობთ? ეს რეალურად ასეა. არა მარო იმიტომ, რომ რამდენჯერმე ვცადეთ და არ გამოგვივიდა, არამედ არ შეიძლება. კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ასეთი საკითხები ძალით და ძალმომრეობით არ წყდება, ვერ წყდება, არასდროს გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდება მომავალში", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.