პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ ექვსი პირის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ ექვსი პირის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

ჯერ უცნობია, რამდენ ხანში გამოცხადდება გადაწყვეტილება.

მანამდე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ბრალდებულებმა: პაატა ბურჭულაძემ, პაატა მანჯგალაძემ, ირაკლი ნადირაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ასევე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ასევე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ამასთან, ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გური ჟვანიას, მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.