„მომდევნო სხდომებზეც წარვადგენთ ჩვენს ინიციატივებს იმისთვის, რომ საბოლოოდ შევცვალოთ არსებული ვითარება მოქალაქეებისთვის“ - ტატა ხვედელიანი ფასების შემსწავლელ კომისიაზე

ტატა ხვედელიანი

 პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის.

რამდენიმე საათში დაგეგმილ პირველ სხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებზე. განიხილება ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები.

კომისიაში იმედოვნებენ, რომ, ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას თავის დღის წესრიგი ექნება, თუმცა სხდომებზე იაქტიურებენ.

"ამ კომისიის სხდომაზე შემოვიფარგლებით შეკითხვებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი დღის წესრიგი გვექნება. ვიქნებით აქტიურები, მომდევნო სხდომებზეც წარვადგენთ ჩვენს ინიციატივებს იმისთვის, რომ საბოლოოდ შევცვალოთ არსებული ვითარება მოქალაქეებისთვის. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ტყუილებისგან, რომელსაც "ოცნება" სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, გადავარჩინოთ ისინი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.