"მიზანია, პირველ რიგში, კომისიის ფარგლებში, გავაგრძელოთ შესწავლა, გადაწყვეტის მექანიზმების მოძიება, მაგრამ პარალელურად, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო კომპანია შეისწავლის, თუ რა პროცესებია სექტორში" - შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა ხვალ შედგება. ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში ხილ-ბოსტნეულისა და წვენების კომპანიების წარმომადგენლებს ელიან. კომისიის პირველი სხდომა კი გუშინ გაიმართა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, ფასების შესწავლის პროცესში ჩასართავად მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც შეისწავლის გამოწვევებსა და გასცემს რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე. ინიციატივას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია.

"მიზანი არის, რომ პირველ რიგში კომისიის ფარგლებში გავაგრძელოთ შესწავლა, გადაწყვეტის მექანიზმების მოძიება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო კომპანია გააკეთებს სექტორის შესწავლის სამუშაოებს, თუ რა პროცესები არის თვითონ სექტორში. როგორც მოგეხსენებათ, სექტორი ძალიან დიდია და, ჯამურად, ის დაახლოებით 20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ჩვენი ეკონომიკის 20%-ზე მეტი არის და მნიშვნელოვანია, რომ სექტორი დანახული იქნას გარედან“, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.