1770841551
მიხეილ ყაველაშვილი: ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხ
მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეში. მივესალმები მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებას ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია საქართველო-ხორვატიის ურთიერთობებში, დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი კავშირების გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეფუძნება ხალხებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
„როგორც შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიული მეხსიერება, კულტურული იდენტობა, ტრადიციები და ქრისტიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით, ჩვენი ერები იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს სწრაფად ცვალებად სამყაროში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ხორვატიის პრეზიდენტთან საუბრისას განიხილეს როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.
„საუბრის დროს აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგში სუვერენიტეტის ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ინფორმაციული სუვერენიტეტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.












