,,მათ შეუძლიათ თითი გამოიშვირონ, პრეტენზიები იქონიონ ისეთ საკითხებზე საქართველოსთან მიმართებაში, რაც საკუთარ ქვეყნებში უმძიმეს მდგომარეობაშია" - დავით მათიკაშვილი დანიაში განვითარებულ მოვლენებზე

 დავით მათიკაშვილი

 მმართველი გუნდი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებსა და დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე დუმილში ადანაშაულებს. საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენების ხმამაღლა შეფასება მოსთხოვა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება იკვეთება, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

"მათ შეუძლიათ თითი გამოიშვირონ, პრეტენზიები იქონიონ ისეთ საკითხებზე საქართველოსთან მიმართებაში, რაც საკუთარ ქვეყნებში უმძიმეს მდგომარეობაშია. ის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რასაც ჩვენ დღენიადაგ ვაკვირდებით, ეს არ არის ის ღირებულებები, რისკენაც სწრაფვა ჩვენ გავითვალისწინეთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. იმედია, პასუხი ექნებათ იმ კითხვებზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის აღნიშნული წერილში," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დანიის დედაქალაქში მიმდინარე აქციების მონაწილეები კომპანია "მაერსკისგან" ისრაელის სასარგებლოდ სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შეწყვეტას ითხოვენ. ოფიციალური თბილისი კოპენჰაგენს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებს.