მარიამ ლაშხი: ბოლონიის პროცესი გულისხმობს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ თავსებადობას და ბოლონიის პროცესი არ საუბრობს სასკოლო განათლების წლების რაოდენობაზე

მარიამ ლაშხი

ბოლონიის პროცესი გულისხმობს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ თავსებადობას და ბოლონიის პროცესი არ საუბრობს სასკოლო განათლების წლების რაოდენობაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, არაერთ ევროპულ ქვეყანაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ხორვატიაში არის 11-წლიანი სასკოლო განათლება და მათი დიპლომებიც და ატესტატიც ისევე არის აღიარებული, როგორც სხვა ქვეყნების.

„11-წლიან სწავლებას სპეკულაციები რომ არ მოჰყოლოდა, ჩვენ ნებაყოფლობით დავტოვეთ მე-12 კლასის არჩევა და თუნდაც 1 მსურველი იყოს, მისთვისაც გაიხსნება მე-12 კლასი. შინაარსობრივად და ბოლონიის პროცესთან არც ერთ ნაწილში რეფორმა არ მოდის წინააღმდეგობაში და ესეც ერთგვარი სპეკულაციაა, რომ თითქოს ვინმე ვერ გააგრძელებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც 11 კლასს დაამთავრებს, მიიღებს ატესტატს, ის თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა.

ასევე იყო სპეკულაციები, თითქოს ატესტატ აღებული და უნივერსიტეტში ჩაბარებული ვერ გააგრძელებდა სწავლას, ესეც დეზინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უნივერსიტეტი საზღვარგარეთ ითხოვს 12-წლიან სწავლებას, ამის შესაძლებლობასაც იძლევა ჩვენი განათლება ამ რეფორმის ფარგლებში“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.