ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა - „საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
მისი განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები და შეერთებული შტატების ჩართულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე - „საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროპის ნაწილი და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწილი“.
„მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრი,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები აქვს, რაც ახალი პროექტებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
საუბრის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ჰრისტიან მიცკოსკი. სესიას მოდერაციას უწევდა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, სიმეონ ცომოკოსი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.