1761825060
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის, შემდგომ გააძლიეროს თავისი პარტნიორობა UNESCO-სთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა უზრუნველყოს, რომ განათლება დარჩეს შესაძლებლობის, დიალოგისა და მშვიდობის ძალად
 
                                                                საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის დაგეგმილ რეფორმაზე.
"განათლება არის ჩვენი პროგრესისა და გამძლეობის ქვაკუთხედი. ის აძლიერებს ინდივიდებს, გარდაქმნის საზოგადოებებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალმა თაობამ მემკვიდრეობით მიიღოს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ, ასევე, ტოლერანტობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებები. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო უმაღლესი განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა უნივერსიტეტის მმართველობის მოდერნიზაციისთვის, აკადემიური ხარისხის გასაუმჯობესებლად და განათლების უკეთ შესაბამისობისთვის ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის საჭიროებებთან. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებით, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მოდერნიზებული უმაღლესი განათლების მოდელის დანერგვით, საქართველო მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, რომ მისი უნივერსიტეტები გახდნენ ინოვაციის, რეგიონული განვითარების და სოციალური კეთილდღეობის ნამდვილი მამოძრავებლები.
ჩვენ ვაფასებთ UNESCO-ს ლიდერობას განათლების 2030 დღის წესრიგის წინ წაწევაში და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში ამ მნიშვნელოვან სფეროში. საქართველო მზად არის, შემდგომ გააძლიეროს თავისი პარტნიორობა UNESCO-სთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა უზრუნველყოს, რომ განათლება დარჩეს შესაძლებლობის, დიალოგისა და მშვიდობის ძალად," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
 
                                                     
                                                     
                                                    










