ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზეა თუ ქაღალდს მიღმა, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ სერიოზულად უნდა შევხედოთ ევროკავშირის გაფართოებას და აქ მხოლოდ საქართველოს პოზიცია, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ხოლო ბრიუსელიდან რა გვესმის, ეს მეორე საკითხია", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკის შესახებ ერთგვაროვანი განწყობა არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაგრძელება ორივე მხარის ინტერესშია.
"ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაში. ერთი რამ ფაქტია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წელს შეჩერდა დიალოგი საქართველოსთან. შემდეგ სცადეს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის გადმოებრალებინათ, თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროკავშირთან ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც არის სიცრუე და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება. საქართველოს არასდროს უთქვამს არც ერთ ღონისძიებაში ან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი, სადაც მას მოწვევა ჰქონდა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ეს საკითხები გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს პოზიციონირების წინააღმდეგ. ეს, ერთგვარად, ღიმილისმომგვრელია ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ იმაზეც მეტყველებს, რამდენად უსუსურია ეს ყველაფერი, ეს პოლიტიკა, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აკეთებ შეხვედრას და იმ შეხვედრას არ გინდა, რომ დაესწროს საქართველო; დაკავშირებადობაზე იწვევ შეხვედრას და ამბიცია გაქვს ევროკავშირს, რომ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ისაუბრო სერიოზულად და ამ შეხვედრაზე არ გყავდეს ის ქვეყანა, რომელიც გაკავშირებს ამ რეგიონებთან და მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა. ღიმილის მომგვრელია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ერთადერთ რაღაცას უსვამს ხაზს - რამდენად არასერიოზულია ის პოლიტიკა თუ ის ნაბიჯები, რასაც დგამს ამ შემთხვევაში მოქმედი ევროკომისიის კონკრეტული სამსახურები. რაც სამწუხაროა, ეს არანაირად არ გვახარებს და ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობთ ამაზე. პირიქით, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობაზე როდესაც არის საუბარი, ეს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას სჭირდება, საერთო ევროპულ მომავალს სჭირდება. ამის ნაწილი არის საქართველო და, რა თქმა უნდა, თუკი საქართველოსთან დიალოგი არ ექნება ევროკავშირს, ამ ყველაფერში წაგებული ევროკავშირიც იქნება, ევროპაც იქნება და, შესაბამისად, ამაზე უნდა მოხდეს ფიქრი და გადახედვა იმ მიდგომების, რაც არის საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არ ემხრობიან საქართველოსთან შეწყვეტილ დიალოგსა და გაბუტვის პოლიტიკას.
"მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ, არც საგარეო საქმეთა მინისტრების მოსაზრებებზე გავაკეთებ რაიმე სპეკულაციას. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემს კოლეგა მინისტრებთან მაქვს კომუნიკაცია, რიგი წევრი ქვეყნების მინისტრებთან საკმაოდ ახლო და ხშირი კომუნიკაცია და ვიცი მათი პოზიციები, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მომხრე ამ შეწყვეტილი დიალოგის და ერთგვარი გაბუტული პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ არანაირი მოგება ამას ევროპისთვის და ევროკავშირისთვის ამ ეტაპზე არ მოაქვს, თუმცა რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, რთულია ახლა ჩემთვის ამის თქმა. დაველოდოთ, არც ისე შორს არის საბჭოს შეხვედრა და ევროკომისიის ანგარიში ასევე კარგად მიგვანიშნებს, თუ რა გზას დაადგება წელს ევროკომისია, ევროკავშირის ის ინსტიტუტი, რომელსაც ავალია გაფართოება. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ის მიმართულებები, რა მიმართულებითაც საქართველოს ჰქონდა თვალსაჩინო პროგრესი, ისეთი პროგრესი, რომელზედაც უბრალოდ შეუძლებელია, რომ კარგი არ გეთქვა, მარტივად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საერთოდ არ შეეფასებინათ. წელს ვნახოთ, ჩვენ წარდგენილი გვაქვს შესაბამისი მასალები. ჩვენ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკომისიას, რაც სჭირდება ანგარიშის მომზადებას. თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, შეწყვეტილი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მინუსი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოამზადოს სრულყოფილი ანგარიში. ვნახოთ, როგორი იქნება ანგარიში, დასკვნები. ესეც ერთგვარი ინდიკაცია იქნება ჩვენთვის, თუ რას აპირებს ევროკავშირი - იყოს თუ არა სამართლიანი საქართველოსთან ურთიერთობებში", - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლი და მისი საქმიანობის შესაბამისობა წევრი ქვეყნების პოზიციებთან დღეს უფრო ფართო დებატის ნაწილია.
"ეს დიდი დებატის ნაწილია დღეს ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, თუ რამდენად მოქმედებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური წესებით, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთის შესაბამისად. ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ხშირად სცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს, ხშირად არ გამოხატავს იმას, რაც, საჭიროდ მიაჩნიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან. ძალიან ხშირად კეთდება მინიშნებები იმაზე, რომ ეს არის სამსახური, რომელიც ემსახურება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და იქ უნდა იყოს 27 წევრი ქვეყნის პოზიცია გათვალისწინებული. ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არ არის ასე. ეს დიდი დებატია. ეს მსჯელობა მიმდინარეობს ახლაც და ზოგადად ლეგიტიმურია. რა თქმა უნდა, ინსტიტუტები არსებობენ, შეიქმნენ და გარკვეული წესებით უნდა მოქმედებდნენ, ამ წესებზე შეთანხმება არსებობს. ეს ჩვენი საქმე ამ შემთხვევაში არ არის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის შიდა საქმეა, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები დგას დღის წესრიგში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპარლამენტზე და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებზე.
"ჩვენ არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც უბრალოდ რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. მცდელობები არის ისევ და ისევ, რომ ევროპარლამენტი იყოს გამოყენებული ამ საქმისთვის. თქვენ ნახეთ დებატების მიმდინარეობაც, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე განცხადებებით, ერთი და იგივე საკითხებით. შეიძლება აღარც მოუსმინო უკვე, იცი, ვინ რას იტყვის დაახლოებით, ვის რა წუხილი აქვს, ზოგს სააკაშვილი ადარდებს, ზოგს რა ადარდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება ამ ინსტიტუტის ამგვარად გამოყენება. თუმცა დაველოდოთ. მე მგონია, საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რომ უფრო რეალურ სურათს შეხედონ და ევროკავშირის რეალური საჭიროებები დაინახონ, იმიტომ, რომ აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ მხოლოდ საქართველოს საჭიროებებზე, აქ საერთო ევროპულ ინტერესებზეც უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების პროცესის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
"ბევრი რამ შეიძლება მოიფიქრო ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, თუ შესამოკლებლად, ალბათ უფრო გასაგრძელებლად. ჩვენ ვიცით, რამდენი წელია, რაც საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა სიგრძის არის ეს გზა, რა პოლიტიკური კომპრომისების გაკეთება მოუწია ბევრ მათგანს იმისათვის, რომ პროგრესი ენახათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იმედგაცრუება ან პოზიციები, რომელიც გაუჟღერებიათ ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ არ არის მარტივი, სერიოზული პოლიტიკური კომპრომისები გააკეთო იმისათვის, რომ პატარა ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე; და შემდგომ კიდევ რაღაც გზამკვლევზე ვსაუბრობთ, რომ როგორღაც ახალი, გზამკვლევი შევთავაზოთ ამ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მიაღწიონ. მაშინ, როდესაც არსებობს გაწევრიანების მოლაპარაკებები, როდესაც არსებობს ეს პროცესი, ცხადია, დაიხუროს უნდა თავები და შეთანხმდნენ რაღაც წესებზე, ეს ყველაფერი არის პროცესი, მთავარი არის გაფართოების პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად სერიოზულია ევროკავშირი ასევე გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. გზამკვლევი გზამკვლევია, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ არის შეჩერებული და გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ გრძელია, რასაც ვუყურებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში. ახლა უკრაინა და მოლდოვა - რა სიგრძის იქნება ეს პროცესი, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ პოლიტიკური მოცემულობაა, უსაფრთხოების გარემო, კიდევ ბევრი კომპონენტია, რაც არ არის მარტივი საკითხი", - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.